მოგვწერეთ

ან დაგვიკავშრდით: +995 599 34 66 55

შეუძლიათ თუ არა უცხოელებს 2026 წელს საქართველოში მუშაობა ნებართვის გარეშე?

უცხოელთა უმრავლესობისთვის პასუხი ამჟამად უარყოფითია.

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მოქმედებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ფორმალური სისტემა. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს, რომელიც დასაქმებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან ან საქართველოში ახორციელებს ანაზღაურებად თვითდასაქმებულ საქმიანობას, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს შრომითი საქმიანობის უფლება — რასაც პრაქტიკაში ხშირად საქართველოში მუშაობის ნებართვას უწოდებენ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კანონიერად შემოსვლა, მათ შორის უვიზო რეჟიმით, თავისთავად არ ანიჭებს უცხოელს მუშაობის უფლებას. საიმიგრაციო სტატუსი და შრომითი საქმიანობის უფლება ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი საკითხებია, რომლებიც რეგულირდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ვის სჭირდება საქართველოში მუშაობის ნებართვა?

ახალი წესები, როგორც წესი, ვრცელდება:

  • უცხოელებზე, რომლებიც დასაქმებული არიან და ანაზღაურებას იღებენ საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისგან; და

  • თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებენ კომერციულ, პროფესიულ, მომსახურების ან დამოუკიდებელი კონტრაქტორის საქმიანობას.

კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს, მათ შორის, დაცვის ან საინვესტიციო სტატუსის მქონე ცალკეული პირებისთვის, კანონით განსაზღვრული ისეთი დისტანციური საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოში შემოსვლას არ საჭიროებს, არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ზოგიერთი ხელმძღვანელი პირისა და სათანადო წესით რეგისტრირებული მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობისთვის.

ვინაიდან ეს გამონაკლისები ვიწროდ არის განსაზღვრული, მუშაობის დაწყებამდე თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

როგორ იღებს ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი საქმიანობის უფლებას?

როგორც წესი, უცხოელი დასაქმებული განაცხადს დამოუკიდებლად არ წარადგენს. შესაბამისი განაცხადი სპეციალური შრომითი მიგრაციის სისტემის მეშვეობით წარედგინება ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ, უცხოელთან წერილობითი, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.

ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებელმა ვაკანსია წინასწარ, არანაკლებ 10 სამუშაო დღით, უნდა განათავსოს სახელმწიფო Worknet-ის პლატფორმაზე. თუ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შესაბამის ადგილობრივ კანდიდატს ვერ შეარჩევს, დამსაქმებელს შეუძლია უცხოელისათვის შრომითი საქმიანობის უფლების მიღების პროცედურა გააგრძელოს. შრომის ბაზრის აღნიშნული შემოწმებისგან გათავისუფლებულია კანონით განსაზღვრული ზოგიერთი დამსაქმებელი და მაღალკვალიფიციური სამუშაო პოზიცია.

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობისთვის. დამსაქმებლის შეცვლა ან სხვა პროფესიულ სფეროში გადასვლა, როგორც წესი, ახალი უფლების მიღებას მოითხოვს.

დამსაქმებელი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ფინანსურ კრიტერიუმებს. ზოგადი წესით, მისი წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს თითოეულ იმ უცხოელზე, რომლისთვისაც შრომითი საქმიანობის უფლების მიღება მოითხოვება. საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ეს ზღვარი თითოეულ უცხოელზე 35 000 ლარია. შეზღუდული გამონაკლისები ვრცელდება ახლად დაფუძნებულ დამსაქმებლებზე, რომლებსაც სამზე მეტი უცხოელი არ ჰყავთ დასაქმებული.

რა წესები ვრცელდება თვითდასაქმებულ უცხოელებზე?

თვითდასაქმებული უცხოელი განაცხადს პირადად წარადგენს. იმის მიხედვით, საქმიანობა უკვე მიმდინარეობს თუ მისი დაწყება იგეგმება, შესაძლოა საჭირო გახდეს კომპანიის ან საგადასახადო დოკუმენტები, ბრუნვის დამადასტურებელი ცნობები, დაგეგმილი საქმიანობისა და ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაცია. სააგენტოსთან ვიდეოგასაუბრების გავლაც სავალდებულოა.

შრომითი საქმიანობის უფლება დაკავშირებულია კონკრეტულ პროფესიასთან ან დამტკიცებულ სამეწარმეო სფეროსთან. საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია ან ქართულ შპს-ში წილის ფლობა, თავისთავად, უცხოელს არ ანიჭებს ანაზღაურებადი ხელმძღვანელობითი, პროფესიული ან კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლებას.

განხილვის ვადა, სახელმწიფო საფასური და მოქმედების პერიოდი

სახელმწიფო მომსახურების საფასურია:

  • 200 ლარი — გადაწყვეტილების 30 კალენდარულ დღეში მიღების შემთხვევაში; ან

  • 400 ლარი — დაჩქარებული წესით, 10 სამუშაო დღეში განხილვის შემთხვევაში.

ჩვეულებრივი დასაქმებისა და თვითდასაქმების შემთხვევაში პირველად გაცემული უფლება, როგორც წესი, მოქმედებს ექვსი თვიდან ერთ წლამდე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შესაბამისი პირებისთვის სპეციალური წესით უფლება შესაძლოა სამ წლამდე ვადით გაიცეს.

უფლების გაგრძელების შესახებ განაცხადი, როგორც წესი, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უნდა წარედგინოს.

განაცხადები წარედგინება ოფიციალური შრომითი მიგრაციის პორტალის მეშვეობით. დეტალური პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებით, მათ შორის, 2026 წლის ივლისის ცვლილებების გათვალისწინებით.

მუშაობის ნებართვა და ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ერთი და იგივეა?

არა. შრომითი საქმიანობის უფლების მიღება მხოლოდ პირველი ეტაპია.

  • თუ უცხოელი საქართველოში ჯერ არ იმყოფება, მან შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს.

  • თუ უცხოელი უკვე კანონიერად იმყოფება საქართველოში, მან შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

განსხვავებული წესი შეიძლება მოქმედებდეს, თუ პირი უკვე ფლობს საქართველოში სხვა სახის ბინადრობის ნებართვას ან კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისში ექცევა. შესაბამისი საიმიგრაციო საკითხები რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

რა ვადაა დადგენილი საქართველოში უკვე მომუშავე უცხოელებისთვის?

უცხოელები, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ძველ შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზაში აქტიური რეგისტრაცია ჰქონდათ, გარდამავალი პერიოდით სარგებლობენ. მათ ახალი შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის სტატუსი უნდა მოიპოვონ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა.

ეს გარდამავალი ვადა არ ვრცელდება 2026 წლის 1 მარტის შემდეგ ახლად დასაქმებულ უცხოელებზე ან ახლად დაწყებულ თვითდასაქმებულ საქმიანობაზე.

რა პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მუშაობისთვის?

შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე დასაქმებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმება 2 000 ლარით თითოეულ უცხოელ დასაქმებულზე;

  • უცხოელი დასაქმებულის ცალკე დაჯარიმება 2 000 ლარით; ან

  • თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმება 2 000 ლარით.

განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია უცხოელთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში ასახოს. ამ ვალდებულების დარღვევამ შესაძლოა დამატებითი ჯარიმა გამოიწვიოს.

როგორ დაგეხმარებათ „მეტრეველი და პარტნიორები“?

გეგმავთ უცხოელი თანამშრომლების დასაქმებას, საქართველოში გადმოსვლას ან თვითდასაქმებული საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას?

„მეტრეველი და პარტნიორები“, თბილისში დაფუძნებული ქართული იურიდიული კომპანია, კლიენტებს სრულ სამართლებრივ მომსახურებას უწევს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების, D1 საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, კანონთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებებისა და დამსაქმებლის შრომითი მიგრაციის პროცედურებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე ვუწევთ კონსულტაციას უცხოელ დამფუძნებლებს, ინვესტორებსა და პროფესიონალებს საქმიანობის დაწყებამდე სწორი საიმიგრაციო და ბიზნესსტრუქტურის შერჩევის საკითხებზე.

დაუკავშირდით ჩვენს საიმიგრაციო სამართლის ადვოკატებს ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასებისა და საქართველოში სრული წარმომადგენლობისთვის.

სტატია შეიცავს ზოგად ინფორმაციას და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას. საიმიგრაციო და შრომითი მიგრაციის მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს და თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის დამატებით უნდა გადამოწმდეს.

გააზიარე:

რეკომენდაციები

როგორ გვაფასებენ ჩვენი კლიენტები

იხილეთ შეფასებები